ინფორმაცია ფესტივალზე

ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი "ხიდი: ციურიხი -თბილისი” მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით- შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. ფესტივალს სურს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის ქსელის შექმნას. ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორია ასოციაცია „ქართული კულტურული პლატფორმის“ პრეზიდენტი ელენე ჩეჩელაშვილი. ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა ციურიხში. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ქართული ფესტივალის შემდეგ თბილისში ჩატარებულიყო ”ხიდი: თბილისი-ციურიხი” სარკისებრი, შვეიცარიული პროგრამით და ახლა ეს ჩანაფიქრიც განხორციელდება.
1.–10.04.2023 – ამ პერიოდში ფესტივალი "ხიდი: თბილისი-ციურიხის" ფარგლებში, წარმოდგენილი
იქნება ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას,
ხელოვნებასა და მუსიკას.

რა იგეგმება ამ ფესტივალის ფარგლებში?


ლეგენდარული შვეიცარიელი ხელოვანების - ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენის გახსნა „ჰოლოზეუმში“. ამ მულტიმედიურ ფორმატში მათი ნამუშევრები სრულიად ახლებურად აღიქმება.


კინოთეატრ „ამირანში“ ნაჩვენები იქნება შვეიცარიული კინოს რეტროსპექტივა, კურატორი: კორინ ზიგრისტ-ობუსიე. ნაჩვენები იქნება როგორც კლასიკური, ასევე ახალი ფილმები. ზოგიერთი
რეჟისორი თავად დაესწრება ჩვენებას და მოგვითხრობს საკუთარი ფილმის შესახებ.


მწერალთა სახლში გაიმართება დიდი შვეიცარიელი მწერლის, დრამატურგისა და ესეისტის-, ფრიდრიხ დიურენმატისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ულრიხ ვებერი, დიურენმატის ბიოგრაფი
და მისი არქივის კურატორი, წაიკითხავს მოხსენებას მწერლის შესახებ. მისი დრამატული ბალადა „მინოტავრი. დავალება“ ქართულად გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“. წიგნის მთარგმნელი მაია ბადრიძე ულრიხ ვებერთან ერთად ისაუბრებს ამ ნაწარმოების შესახებ. ბოლოს გაიმართება დოკუმენტური ფილმის „დიურენმატი – ერთი სიყვარულის ისტორია“ ჩვენება ფილმის რეჟისორ საბინე გისიგერის თანდასწრებით, რის შემდეგაც გაიმართება მასთან დისკუსია.


დოქტ. ანდრე ბიდო თავის მოხსენებაში, შვეიცარიული არქიტექტურის ისტორიისა და მისი წარმატების კრიტიკულ ასპექტებს განიხილავს. ნაჩვენები იქნება ორი დოკუმენტური ფილმი: კრისტოფ შაუბის „უსასრულობის არქიტექტურა“ და თომას ჰემერლის ესეისტური დოკუმენტური ფილმი „მე ვარ ჯენტრიფიკაცია“, რეჟისორის თანდასწრებით.


ციურიხში მოღვაწე ხელოვანი, ილარია ვინჩი წარმოგიდგენთ გამოფენის "Phoenix Philosophy Café" სახეცვლილ ვარიანტს ციურიხის „კაბარე ვოლტერიდან“. კაბარე ვოლტერის დირექტორი სალომე ჰოლი თავის მოხსენებაში მოგვითხრობს ციურიხის დადას ისტორიაზე; იმაზე, თუ რამდენად შეიძლება, ციურიხის 1916–1919 წლების პერიოდი შევადაროთ ციურიხის 2022 წელს; რისი სწავლა შეგვიძლია დადასთან ერთად და რა პრობლემები და შესაძლებლობები მეორდება დღეს; რა შეგვიძლია გავაკეთოთ (დადასთან და მის გარეშე) ციურიხსა და თბილისში?


ფესტივალი დაიხურება შვეიცარიელი კომპოზიტორის და პოპ მომღერლის ეველინ თროუბლის სოლო კონცერტით თეატრალურ კომპანია „ჰარაკში“.




ფესტივალი ხორციელდება HOLOSEUM-თან, გამომცემლობა „დიოგენესთან„ ,საქართველოს მწერალთა სახლთან, კინოთეატრ „ამირანთან“, CCA – თანამედროვე ხელოვნების ცენტრ –
თბილისთან, თიბისი კონცეპტთან და თეატრალურ კომპანია ჰარაკთან თანამშრომლობით. ფესტივალის პარტნიორები არიან SWISS FILMS, Pro Helvetia, Projektil, საქართველოს ეროვნული
კინოცენტრი, თბილისის მერია და შვეიცარიის საელჩო თბილისში.


დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, ინსტიტუციას, სპონსორსა და მონაწილეს. უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის, შესანიშნავი თანამშრომლობისა და თანამონაწილეობისთვის. კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება კულტურის ფესტივალზე „ხიდი: თბილისი-ციურიხი".


  1. ფესტივალი - ქართული პროგრამა 2021 ციურიხი
    210913-brucke-zurich-tbilissi-programm-a5-low-einzelseiten.pdf
ელენე ჩეჩელაშვილი

ელენე ჩეჩელაშვილი, ფესტივალის ინიციატორი და ასოციაცია "ქართული კულტურული პლატფორმის" პრეზიდენტი / ფოტო © გერი კრიშკერი

სწავლობდა თბილისის და შტუტგარტის სახ. სამხატვრო აკადემიაში, გერმანული ენის ფაკულტეტზე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში. 2011-2012 წლებში გახდა რობერტ ბოშის ფონდის სტიპენდიანტი და გერმანიაში გაიარა საკვალიფიკაციო პროგრამა კულტურის მენეჯმენტში. როგორც ხელოვანი, მთარგმნელი, კულტურის მენეჯერი, მონაწილეობდა სახელოვნებო და შემოქმედებით პროექტებში გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, არის არაერთი ინიციატივის ავტორი.